
ინფრასტრუქტურის მინისტრი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახალი სატრანსპორტო პროექტის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო
10 ივნისი 2026საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტის – „ტრანსკასპიური დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ.
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სატრანსპორტო ქსელის ეფექტიანობის, უსაფრთხოებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას და მოიცავს როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან კომპონენტებს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა.
აღნიშნული თანხა ნაწილია პროექტისა, რომლის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 751 მილიონი აშშ დოლარია, რაც მოიცავს 372 მილიონ აშშ დოლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონი აშშ დოლარის აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) და 182 მილიონი აშშ დოლარის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით.
პროექტს განახორციელებენ სს „საქართველოს რკინიგზა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
„გვეძლევა შესაძლებლობა, უმოკლეს ვადებში გაგრძელდეს კახეთის მიმართულებით მაგისტრალური გზის მშენებლობა. საუბარია ბადიაური-ჩალაუბნის, ჩალაუბანი-ბაკურციხისა და ბაკურციხე-თელავის მონაკვეთებზე. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გამოცხადებული ფართომასშტაბიანი ინიციატივის ნაწილს, რომელიც ახალი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. ვიმედოვნებთ, რომ სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და პროექტები წარმატებით განხორციელდება“-განაცხადა რევაზ სოხაძემ.
პროექტის ფარგლებში გაგრძელდება კახეთის საგზაო დერეფნის განვითარება. დაგეგმილია ბადიაური–ჩალაუბნისა და ჩალაუბანი–ბაკურციხის ოთხზოლიანი მონაკვეთების, ასევე გურჯაანი–თელავის ორზოლიანი გზის მშენებლობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს სატრანსპორტო კვანძების, ხიდების, ესტაკადების, საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებისა და კლიმატური მდგრადობის ელემენტების მოწყობას.
პროექტის განხორციელება 2031 წლის სექტემბრამდეა დაგეგმილი. მისი დასრულება ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, საერთაშორისო დაკავშირებადობის გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და თავმჯდომარის მოადგილე სალომე წურწუმია.
ღონისძიების ფარგლებში აღინიშნა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახალი პროექტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად ათვისებას.
კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად გრძელდება. ბოლო წლებში დასრულდა თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალის, ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი შემოვლითი გზისა და გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი 15 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. აქტიურად მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი გზის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ კახეთის მაგისტრალის ყველაზე დატვირთულ, 52-კილომეტრიან მონაკვეთზე (თბილისი-საგარეჯო-ბადიაური) მოძრაობა სრულად გაიხსნება. ასევე, მიმდინარე და მომდევნო წლებში დაგეგმილია თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ახალი მონაკვეთების მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში გადაადგილებას, გაზრდის უსაფრთხოებას და კიდევ უფრო გააძლიერებს კახეთის დაკავშირებადობას ქვეყნის სატრანსპორტო ქსელთან.
